logo
ENG



"ვიდგებით სადაც ხალხს დასჭირდება" - თბილისის დინამოს გულშემატკივრები მოძრაობას აფუძნებენ

10 მაი 202413:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/zioxqpps7q8lig1.png

საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას პირველი მერცხალი აფუძნებს.

მოძრაობის "მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა".

"ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო. რუსული კანონის ინიციირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ერთი წლის შემდეგ, საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ. მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე.

სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავდგეთ ერთ მხარეს. საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით. ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას. ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს - ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა. ყველა დინამოელს, ყველა ფანს, ყველა მოქალაქეს - შემოგვიერთდით!", - წერია თბილისის დინამოს გულშემატკივართა განცხადებაში.


close დახურვა